დავით აღმაშენებელმა მავნე ეშმაკი უწყინარ ჯორად აქცია, გამუდმებით ომში მყოფი მეფის სხეული მტრისგან ნასროლ შუბსა და ისარს არ იკარებდა. ხშირად ხდება, რომ ომის ქარცეცხლში გამოვლილი მეფე, ყოველგვარი ნაკაწრის გარეშე გამოდის. ამიტომ იყო დიდგორის ბრძოლის შემდეგ, როდესაც მეფეს შეხსნეს საჭურველი მტრის სისხლი კოლტებად ჩამოცვივდა და თვითონ უბრალო ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. დავითის მემატიანე ასევე ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე საუბრობს მეფის წინასწარმეტყველურ უნარზე, გულთამხილაობაზე და სხვათა ზრახვების მიხვედრაზე.
ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით თამარ მეფეს უფლის წინაშე უბიწობის აღთქმა ჰქონდა დადებული და ამის გამო დიდებულები წუხდნენ ტახტის მემკვიდრის არყოლის გამო. მათ მეფეს სტეფანწმინდის გამოქვაბულში მოღვაწე, სულიწმინდით შემოსილი ბერი მიუგზავნეს. იგი იმდენად წმინდა ყოფილა სულიერი ძალმოსილებით, რომ ამბობენ ფრენა შეეძლო. ბერი თამარს ეწვია და ეტრატი მიართვა, სადაც მეფემ ამოიკითხა ფსალმუნის სიტყვები ნაყოფიერი და უნაყოფო ხის შესახებ და მაშინ იგრძნო, რომ დაორსულდა. იმ დღესვე მას სიზმარში ბრწყინვალე ფრთოსანი ვარსკვლავი გამოეცხადა და აუწყა, ვაჟი გაგიჩნდება და მას ირემი გაზრდის, მშობიარობის შემდეგ კი ისევ ქალწული დარჩებიო. ცხრა თვის შემდეგ თამარს ეყოლა ვაჟი, „ დაბადებითვე მსგავსი ბრწყინვალე ვარსკვლავისა“. ყრმა ლაშა–გიორგი გადიას სამეფო ბაღში სეირნობისას დაკარგვია. პატარა ლაშა დედოფალმა და მხლებლებმა ტყეში იპოვეს სადაც ძუძუს ირემი აწოვებდა. ამის შემდეგ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლებისთვის ირემი საკრალური ცხოველი გახდა.
ირმის ძუძუ ჰქონდა ასევე ნაჭამი პატარა კახის (ერეკლე II-ს). ამგვარად ირემი, როგორც მფარველი და საღვთო ნიშნის მატარებელი ცხოველი ისე ფიქსირდება ბაგრატიონთა გვარის ისტორიაში.
No comments:
Post a Comment