ძველად, შუა საუკუნეებში პოპულარული იყო ასეთი გამოთქმა: „ციციანათ ქალობაო, თარხანინათ გალობაო, ჯავახაანთ გონებაო და ბაგრატოვანთ ქონებაო“.
მსგავსი ტაეპები შემთხვევით არ იბადება, რადგან ასეთ აზრებში ჩადებულია ერის საერთო ზოგადი აზრი. ოდითგან კი ცნობილი იყო, რომ ბაგრატიონები გამოირჩეოდნენ კარგი ხმლის ქნევით, ლექსებისადმი სიყვარულით და რა თქმა უნდა კარგი მეურნეობითა და ორგანიზატორობით.
ბაგრატიონები, ასევე ცნობილია, მსხვილი ადგილ–მამულებით და უამრავი სამეფო დომენის ანუ სოფლების და ტერიტორიების პატრონ–მფლობელები იყვნენ.
ბაგრატიონთა თავდაპირველი საცხოვრისი იყო თურქეთში არსებული სპერის ოლქი, სადაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ იქ სულ მცირე მემამულური სტატუსი უნდა ჰქონოდათ. პირველი დიდი სამფლობელო და სამეფო ტაო–კლარჯეთი, შავშეთი და აჭარა იყო. XIII საუკუნის ჩათვლით თრიალეთი და ჯავახეთია, ახალქალაქის საერისთავოს და ტმოგველთა ფეოდალური მამულის გამოკლებით. XIV საუკუნეში ჯავახეთი მეორადი ხარისხის სამეფოდ და ალასტანელ უფლისწულთა სამფლობელოდ გადაიქცა. XI საუკუნიდან სამეფო დომენში შედიოდა ატენის ხეობაც. დასავლეთ საქართველოში ბაგრატიონებს ეკუთვნოდათ ქუთაისი ვრცელი შემოგარენით. მათი პირველადი სამეფო ქალაქები იყო: ქუთაისი, თბილისი, გორი, ატენი, კახეთის დიდი ნაწილი, რუსთავი, კარალეთი, თელავი, დმანისი, კარი(XIII საუკუნემდე), სამეფო მონასტრები: გელათი, გარეჯი, შიო მღვიმე (XI-XIV სს–ში), ვარძია, ვანი, შუამთა, მცხეთის ჯვარი, ატენის სიონი, ბოლნისის, მანგლისის, თბილისის და მცხეთის ეპარქიები.
აქ მოცემულ მხარეებზე, სოფლებზე და ქალაქებზე არ არსებობს კატეგორიული წარმოდგენა, რომ ისინი ყველა ბაგრატიონთა უცილო საკუთრება იყო, მაგრამ ფაქტი ერთია, მათი დიდი მოცულობა წარმოადგენდა მათ საკუთრებას და ჟამთასვლებში ეს ადგილ–მამულები ხშირად გადადიოდა ხელიდან ხელში და ისინი – ბაგრატიონები ყოველთვის ითვლებოდნენ ყველაზე შეძლებულ გვარიშვილობად საქართველოში.
No comments:
Post a Comment